მიშა ანდღულაძის მამა საავადმყოფოში გარდაიცვალა

მიშა ანდღულაძის მამა საავადმყოფოში გარდაიცვალა
ქვეყანაში მძვინვარე კორონავირუსის ეპიდემიის დროს შოუმენ მიშა ანდღულაძეს მამა გარდაეცვალა. ბუხუტი ანდღულაძეს ოპერაცია გაუკეთეს – გულზე სარქველი შეუცვალეს. ოპერაცია კარგად ჩატარდა და რეანიმაციიდან პალატაშიც გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობა მოულოდნელად გართულდა. ბუხუტი ანდღულაძე ოპერაციის გაკეთებიდან მეხუთე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.

"გულზე ჰქონდა პრობლემა – სარქველზე და ჰაერის უკმარისობა, სისუსტე აწუხებდა. სანამ “კავკასიის მედიცინის ცენტრში” მივიდოდით სულხან ლომინაძესთან, რომელმაც ოპერაცია დაგეგმა, “ჩაფიძის ცენტრში”, ექიმ ზვიად ბახუტაშვილთან ვიყავით და მან ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვა. უთხრა, ორი თვე დავაკვირდეთ, როგორ იქნებიო.
ორი თვე არც იყო გასული, სულხან ლომინაძესთან რომ მივედით და ოპერაცია მან გაუკეთა, ოღონდ მამაჩემმა თავად დაიჟინა, რადგან აწუხებდა და გამოსავლის პოვნა უნდოდა. რეაბილიტაცია გაგიჭირდებაო, მაგრამ მამაჩემი მაინც ვერ ისვენებდა, უნდა გავიკეთოო. ვთხოვდი, ამ პანდემიის დროს მაინც შეიკავე თავი, გადაიაროს და მერე გაიკეთე-მეთქი, მაგრამ აიჩემა, მინდა, მალე კარგად გავხდეო.
ნარკოზიდან ჩვეულებრივად გამოვიდა. 3 დღე რეანიმაციაში ჰყავდათ და მერე პალატაში გადაიყვანეს. ჩემი ბიძაშვილი ადგა თავზე. დამირეკა და მითხრა, ერთი წამალი, რომელიც ექიმმა შემოიტანა, დავალევინე და მეორე უნდა მიმეცა, მაგრამ უცებ თვალები გაუფართოვდა და არაბუნებრივი სახე მიიღოო.
მომენტალურად გათიშულა. თურმე მიცვივდნენ ექიმები, რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გაუკეთეს… მეორედ შეიყვანეს საოპერაციოდ.
პირველი ოპერაცია 3 საათი გაგრძელდა, მეორე – 5 საათი. გამოიყვანეს და მართვით სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. ჩემი ბიძაშვილისთვის უთქვამთ, შვილს დაურეკეთ, რა ვქნათ, დავტოვოთ მართვით სუნთქვაზე თუ მოვხსნათო. სანამ მივედი, მითხრეს, გარდაიცვალაო.
ექიმმა მითხრა, 1% იყო რისკი და ზუსტად ის მოხდა, აზრი არაფერს ჰქონდა. 88 წლის ადამიანისთვის გამიკეთებია ასეთი ოპერაცია და ის გამოსულა მდგომარეობიდანო. მამა 75 წლის იყო. მგონი, ფილტვიდან ატყდა სისხლდენა, ზუსტად არც კი ვიცი. ეს ოპერაცია რომ არა, შეიძლება წლები კიდევ ეცოცხლა. დღემდე არ ვიცი, ვინ არის დამნაშავე. ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ მერე რა მოხდა, არც ვიცით", - განუცხადა "სარკეს" მსახიობის ძმამ დათო ანდღულაძემ.
FACEBOOK კომენტარები